(თბილისი) – მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია ქვეყნის შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის განხილვა, განაცხადა Human Rights Watch-მა. საკანონმდებლო ცვლილებები, მათი მიღების შემთხვევაში, ბევრად უკეთ დაიცავს დასაქმებულებს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის ინსპექციის გაძლიერებას და ასევე, სამუშაო საათების, ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოს, სავალდებულო ყოველკვირეული დასვენებისა და ცვლებს შორის შესვენების რეგულირებას.
„საქართველოში შრომითი რეგულაციების ნაკლებობამ განაპირობა ცუდი შრომითი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რაც ათასობით დასაქმებულს მომეტებული საფრთხის წინაშე აყენებს ,“ – აღნიშნა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებულმა დირექტორმა. „პარლამენტმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გაატაროს რეფორმები მჩაგვრელი შრომითი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.“
კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები ხვალ უნდა დაიწყოს, ხოლო მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა მომდევნო კვირასაა დაგეგმილი.
საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულაციამ დასაქმებულები ადეკვატური დაცვის მექანიზმების გარეშე დატოვა, განაცხადა Human Rights Watch-მა. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, 2006 წელს საქართველომ გააუქმა შრომის ინსპექცია და მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა უფლებები, შრომის კოდექსიდან ისეთი საკითხების ამოღებით როგორიცაა ყოველკვირეული დასვენება, ზეგანაკვეთური საათების ლიმიტი და ცვლებს შორის შესვენება. 2006 წლის შრომის კოდექსით, ასევე, შესაძლებელი გახდა დასაქმებულთა გათავისუფლება წინასწარი გაფრთხილებისა და გათავისუფლების მიზეზის გარეშე.
საქართველოში დასაქმებულებს ძვირი დაუჯდათ დერეგულაციის პოლიტიკა, შრომის სუსტი დაცვის მექანიზმი და სუსტი ზედამხედველობა. ერთ-ერთი დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, 2006 წლის შემდეგ დასაქმების ადგილზე გარდაცვალების შემთხვევები 74%-ით გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობა სამთო მრეწველობისა და სამშენებლო სექტორებში დაფიქსირდა.
2019 წლის ანგარიშში „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე," Human Rights Watch-მა აღწერა, თუ როგორ შეუწყო ხელი სუსტმა შრომითმა გარანტიებმა და შეზღუდულმა სახელმწიფო ზედამხედველობამ სამთო მოპოვებით ინდუსტრიაში შრომითი უსაფრთხოებისგან დაცლილი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. კვლევამ გამოავლინა, რომ დასაქმებულები, მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში, მიწის ქვეშ 12 საათიან ცლებში მუშაობენ, მათ შორის ღამით, უწყვეტად 15 დღის განამვლობაში, რაც საბოლოოდ მათ უკიდურეს გადაღლას იწვევს და ზრდის სამუშაო ადგილზე ინციდენტებისა და დაზიანებების რისკს.
Human Rights Watch-თან საუბრის დროს, მაღაროელები აღნიშნავდნენ, რომ საწარმოო კვოტების შესასრულებლად გამალებული შრომის და არასაკმარისი დასვენების პირობებში ხშირია ტრამვები. მაგალითად, ზოგიერთმა მუშამ მიიღო ღრმა ჭრილობები, ზოგი მაღაროში ჭერის ჩამოშლისას მოყვა ქანების ქვეშ, დაკარგა კიდურები, მიიღო ტვინის შერყევა, ან შემთხვევით აიცილა თავიდან სერიოზული ინციდენტები.
მიუხედავად იმისა, რომ Human Rights Watch-ის კვლევა შეეხებოდა საქართველოში ქვანახშირისა და მანგანუმის მოპოვების მრეწველობაში არსებულ პრაქტიკას, კვლევის მიგნებები სუსტი რეგულაციების კავშირზე დასაქმებულთა უსაფრთხოების შესუსტებასთან, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორისთვის, აღნიშნა Human Rights Watch-მა.
2013 წლის შემდეგ საქართველომ ეტაპობრივად გაზარდა შრომითი გარანტიები, მათ შორის, 2015 წელს შექმნა შრომის ინსპექცია და 2019 წელს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების დასაფარად გააფართოვა მისი უფლებამოსილებები.
აღნიშნულის მიუხედავად, შრომით უფლებებთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებული რეგულაციები ჯერ კიდევ, სრულყოფილად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. შრომის ინსპექციას არ გააჩნია მანდატი ზედამხედველობა განახორციელოს გრძელ სამუშაო საათებზე, საწარმოო გეგმის ზეწოლასა და რთულ სამუშაო პირობებზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შრომის ინსპექციას ენიჭება მეტი დამოუკიდებლობა, ასევე, მისი მანდატი გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ყველა შრომის სტანდარტის ზედამხედველობაზე.
სხვა საკითხებთან ერთად, კანონპროექტი, ასევე არეგულირებს სამუშაო საათებს, ცვლებს, ცვლებს შორის დასვენებას, ღამის სამუშაოს, განსაზღვრავს ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვარსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მინიმალურ ტარიფს. კანონპროექტს ასევე შემოაქვს მნიშვნელოვანი გარანტიები თანასწორი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად, კანონპროექტი მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს შრომით კანონმდებლობაში დასაქმებულთა დაცვის მიმართულებით არსებულ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ხელისუფლების პოლიტიკამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას დასაქმებულთა უსაფრთხოებას, როგორც წარმოების გაზრდის ან ბიზნესისთვის საწარმოო ხარჯის შემცირების საშუალებამ, აღნიშნა Human Rights Watch-მა. შრომის და უსაფრთხოების ადეკვატური სტანდარტები უმნიშვნელოვანესია ბიზნესის წარმატებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და ავსტრალიაში, ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაფართოვდა შრომითი და უსაფრთხოების რეგულაციების შემოღების შემდგომაც.
კომპანიებს ასევე შეიძლება მოუწიოთ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა სუსტი შრომითი რეგულაციებისა და ცუდი შრომითი პრაქტიკის გამო. მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი გამოიწვია ქვანახშირის შახტებისა და მანგანუმის მაღაროებისთვის, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა გარდაცვალებისა და დაშავების შედეგად გამოწვეულმა წარმოების დროებითმა გაჩერებამ, ან ადეკვატური შრომითი სტანდარტების მოთხოვნით გაფიცვებმა.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყელას აქვს უფლება ჰქონდეს სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, გონივრული შეზღუდვა არსებობდეს სამუშაო საათებზე, მიიღოს შრომის სამართლიანი ანაზღაურება, სარგებლობდეს გადაადგილების თავისუფლებით და დაცული იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციები, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს ჯერ არ აქვს რატიფიცირებული, განსაზღვრავენ მისაღებ შრომით პირობებს, ასევე მათზე სათანადო ზედამხედველობისა და მათი რეალიზების სტანდარტებს. ამასთანავე, საქართველოს აშშ-სთან და ევროკავშირთან დადებული შეთანხმებების ფარგლებში ვალდებულება აქვს აღებული დახვეწოს შრომითი კანონმდებლობა და გააძლიეროს შრომით უფლებებზე ზედამხედველობისა და აღსრულების მექანიზმები.
„საქართველოს ეტაპობრივი მიდგომა რეგულირების ხელახლა შემოღებისადმი სრულად ვერ პასუხობს იმ ყოველდღიურ რისკებს, რომლებიც დასაქმებულებს ემუქრება, მათი უფლებების ადეკვატური დაცვის გარანტიების გარეშე,“ – აღნიშნა გიორგი გოგიამ. „პარლამენტს აქვს შესაძლებლობა შექმნას შრომითი უფლებების დაცვის ახალი მემკვიდრეობა და გამოასწოროს წარსულის შეცდომები.“